პროექტის გეგმა

ინოვაციური განათლების ფონდის პროექტის  “ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობა ინოვაციური მეთოდებით’’ ფარგლებში განსახორციელებული მინი პროექტის გეგმა


პროექტის განმახორციელებელი გუნდი: ნინო ტყემალაძე (პროექტის ხელმძღვანელი), მარიამ გელაშვილი (ქიმია-ბიოლოგის მასწავლებელი)
პროექტის განხორციელების ადგილი: ტყემლანის საჯარო სკოლა
პროექტის განხორციელების პერიოდი/თარიღი: თებერვალი-ივნისი
პროექტის დასახელება: ,,სასუქები და შხამქიმიკატები, მათი ბუნებრივი ალტერნატივები და ჯანსაღი სოფლის მეურნეობის პროდუქტები’’
პროექტის მონაწილეები: 18-19 მოსწავლე (14-18 წლის ასაკის)
პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები სწავლობენ სოფლის მეურნეობაში გამოყენებული სასუქების, შხამქიმიკატების (ჰერბიციდების და პესტიციდების) ზემოქმედებას  სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე,მათი გამოყენების  დადებით და უარყოფით მხარეებს, გამოავლენენ ორგანული სასუქების გამოყენების უპირატესობას  და მოიძიებენ შხამქიმიკატების ბუნებრივ ალტერნატივებს.
პროექტის მიზნები და აქტუალობა: ადამიანები მეტი მოსავლის და მოგების მიღების მიზნით უკონტროლოდ იყენებენ  სასუქებსა და შხამქიმიკატებს,  ბინძურდება სოფლის მეურნეობის პროდუქტები, ასეთი გზით მიღებული პროდუქტებით კვების შედეგად ზიანდება ადამიანების ჯანმრთელობა, ამ პირობებში დიდი მნიშვნელობა ენიჭება სასუქებისა და შხამქიმიკატების ზომიერ გამოყენებას და მათ  ჩანაცვლებას ბუნებრივი ალტერნატივებით, შედეგად კი ჯანსაღი პროდუქტის მიღებას.
პროექტის მსვლელობა: მოსწავლეები იყოფიან სამ ჯგუფად, თითოეული ჯგუფი ირჩევს სხვადასხვა კულტურას ექსპერიმენტებისათვის.
·         I  ჯგუფი: მარცვლეული კულტურა( ხორბალი ან ქერი).მოსწავლეები თესავენ  ხორბალს სხვადასხვა ქოთნებში: I ქოთანი-მწირი, უსასუქო მიწა, II ქოთანი-ორგანული სასუქით გამდიდრებული;   III - ორგანული სასუქის ზედმეტი დოზა; IV- აზოტის დასაშვები ნორმით;  V- აზოტის ზედმეტი დოზა. ატარებენ დაკვირვებას ექსპერიმენტზე, აკვირდებიან ხორბლის განვითარებას სხვადასხვა პირობებში, აკეთებენ დასკვნებს, ადარებენ ორგანული და არაორგანული სასუქების გამოყენებით მიღებულ შედეგებს ერთმანეთთან.
          II  ჯგუფი: ბოსტნეული კულტურა (კარტოფილი). მოსწავლეები რგავენ კარტოფილს ქოთნებში: I ქოთანი-მწირი, უსასუქო მიწა, II ქოთანი-ორგანული სასუქით გამდიდრებული;   III -აზოტი; IV- კალიუმი    V-ფოსფორიანი მიწა, სხვადასხვა ქოთნებიდან მიღებულ კარტოფილს ხეხავენ, წურავენ და ატარებენ ცდებს. V -ფოსფორიანი ქოთნიდან მიღებულ კარტოფილის წვენს ამატებენ ვერცხლის ნიტრატის ხსნარს და იღებენ ყვითელი ფერის ნალექს (ფოსფორის აღმოჩენა),III- აზოტიანი მიწიდან მიღებულ კარტოფილის წვენს   ამატებენ KOH-ს, ათბობენ და შეიგრძნობენ  ამიაკის სუნს (აზოტის აღმოჩენა);IV-კალიუმიანი მიწიდან მიღებულ კარტოფილის წვენში დაასველებენ რკინის ღეროს, გაახურებენ ცეცხლის ალზე, ალი შეიფერება იისფრად(კალიუმის აღმოჩენა). მოსწავლეები აანალიზებენ ცდების შედეგებს.

                III ჯგუფი: ბაღჩეული კულტურა (პომიდორი) მოსწავლეები გამოიყვანენ პომიდორის ჩითილს და შემდეგ გადარგავენ 5 ქოთანში: I ქოთანი -მწირი, უსასუქო მიწა, II ქოთანი-ორგანული სასუქი;   III -აზოტი; IV- აზოტი და კალიუმი    V-აზოტი, კალიუმი და ფოსფორი. მოსწავლეები აკვირდებიან სხვადასხვა სასუქის ზემოქმედებას მცენარის განვითარების სხვადასხვა  ეტაპებზე, ასევე ადარებენ ორგანული და არაორგანული სასუქების ზემოქმედებას, აკეთებენ დასკვნებს ცდების საფუძველზე.

·         მოსწავლეები ინტერნეტიდან და სხვა წყაროებიდან მოიძიებენ დამატებით ინფორმაციას სასუქებისა და შხამქიმიკატების ბუნებრივი ალტერნატივების შესახებ, გამოიკითხავენ სოფლის მოსახლეობას, გადაიღებენ ფოტოებს. მოახდენენ დაკვირვებას როგორ ხდება პრაქტიკულად შხამქიმიკატების გამოყენება, რა უარყოფითი შედეგები მოსდევს, დაცულია თუ არა უსაფრთხოების ნორმები, ზიანდება თუ არა ადამიანების ჯანმრთელობა, მოძებნიან  პრობლემის გადაჭრის გზებს: როგორ შეიძლება სასუქები და შხამქიმიკატები ჩანაცვლდეს ბუნებრივი ალტერნატივებით.
·         დაამზადებენ საინფორმაციო ბუკლეტებს, შექმნიან  პრეზენტაციებს და წარადგენენ სკოლისა და საზოგადოების წინაშე.
·           შეირჩევა სათათბირო თემა: ,, უნდა გამოიყენონ თუ არა მეწარმეებმა სასუქები და შხამქიმიკატები მოსავლის მისაღებად’’, გაიმართება დებატები ამ საკითხის გარშემო.
·         მოსწავლეები შექმნიან ბლოგს, ატვირთავენ მოძიებულ მასალებს, დაუკავშირდებიან  ამ პროექტში ჩართულ სხვა სკოლებს.

·         გაიმართება ონლაინ-შეხვედრა რომელიმე სკოლასთან, ბლოგის პოპულარიზაციისა  და კვლევის შედეგების გაცნობის მიზნით.

No comments:

Post a Comment