Wednesday, April 29, 2015

ამოცანები და ჩვენი ექსპერიმენტი


   მოგესალმებით მე ირაკლი ვარ და  რამდენიმე საინტერესო აქტივობების შესახებ უნდა გიამბოთ. კლუბის წევრები ერთად შევიკრიბეთ და მარიკა მასწავლებელმა ამოცანები შემოგვთავაზა, რომელიც მინერალური სასუქების კვებითი ღირებულების გაანგარიშებასთან იყო დაკავშირებული.     მოსწავლეები სამ ჯგუფად დავიყავით. თითოეულ ჯგუფს მოგვეცა  დავალება გამოგვეანგარიშებინა შესაბამისად აზოტიან სასუქებში აზოტის, კალიუმიან სასუქებში კალიუმის,  ფოსფორიან სასუქებში ფოსფორის მასური წილი. ჩვენს პროექტებთან დაკავშირებული ამოცანები   ხალისით ამოვხსენით და შემდეგ ერთად განვიხილეთ.
   

ამოცანების ამოხსნის შემდეგ თითოეულმა ჯგუფმა პრეზენტაციები წარმოვადგინეთ  და ჩვენი ცდების მიმდინარე შედეგები განვიხილეთ.გახსოვთ ალბათ რომ უკვე ორ თვეზე მეტია რაც ჩვენ კარტოფილი, ხორბალი და პომიდორი დავრგეთ და დავთესეთ და მათ განვითარებას ვაკვირდებით. ალბათ გაინტერესებთ როგორ მიმდინარეობს მათი განვითარება ხვადასხვა სასუქების პირობებში.
    I  ჯგუფის წევრებმა, რომლებიც აკვირდებიან ხორბლის განვითარებას (მათ ხორბალი ხუთ ჭურჭელში აქვთ დათესილი), აღნიშნეს, რომ პირველი ნათესი - უნაყოფო მიწისა და ქვიშის ნარევში აღმოცენდა გვიან, არის წვრილ ღეროიანი, ყვითელი, პატარა ფოთლებით. მეორე ნათესი, რომელიც გამდიდრებულია ორგანული სასუქით (გამომწვარი ნაკელი და ნაცარი)საუკეთესოა, ზრდა ნორმალური,ხასხასა მწვანე ფერის,  უკვე მოხდა ბარტყობა,განტოტვა. მესამე  ნათესი რომელსაც აღმოცენების შემდეგ დავაყარეთ აზოტიანი, ფოსფორიანი და კალიუმიანი სასუქების ზედმეტი დოზა, დაიწვა,  აღმონაცენი ძალიან სუსტია და ხმება. მეოთხე (კალიუმიანი) და მეხუთე (ფოსფორიანი)ნათესი, რომლებსაც სასუქების ნორმალური დოზა აქვთ, შესაბამისად ნორმალურად ვითარდებიან. მეოთხე ნათესში ჯერ კალიუმიანი სასუქი შევტანეთ, რამდენიმე დღის წინ კი დავამატეთ აზოტი



     II ჯგუფმა, რომელიც ძირითადად კარტოფილის ზრდა - განვითარებას აკვირდება, აღნიშნა, რომ პირველ ჭურჭელში,ქვიშისა და მწირე მიწის ნარევში აღმოცენებული კარტოფილის ღერო სუსტი და განუვითარებელია, ისე წვრილია, რომ ვერტიკალურად დგომა უჭირს, ფოთლებიც მოყვითალო ფერისაა. მეორე ჭურჭელში რომელიც ორგანული სასუქითაა გამდიდრებული, კარტოფილის ღერო მსხვილია, მუქი მწვანე ფერის, ზრდა საუკეთესოდ  მიმდინარეობს, განტოტვა და გაფოთვლა კარგია.მესამე ჭურჭელში, რომელიც აზოტითაა გამდიდრებული მცენარე ასევე კარგად ვითარდება, ნორმალური განტოტვა აქვს, მსხვილი ღერო და კარგად განვითარებული ფოთლები - მუქი მწვანე. მეოთხე ნათესი, რომელიც კალიუმიანი სასუქითაა გამდიდრებული, ოდნავ ჩამორჩება მესამე ჭურჭლის ნათესს განვითარებაში. მეხუთე ნათესი, რომელიც ფოსფორით გამდიდრებულია, თითქმის მეოთხე ნათესის ანალოგიურია.

 III ჯგუფმა აღნიშნა, რომ პომიდორის ჩითილები გადაირგა 5 ჭურჭელში, და დაემატათ ორგანული და არაორგანული სასუქები.


   P.S. შემდეგი პოსტებში მოგითხრობთ საინტერესო ექსპერიმენტების შესახებ, რომლებიც  სასუქების გამოცნობას შეეხება, აგრეთვე სოფლის მოსახლეობის გამოკითხვის შედეგებზე . ყველაზე მეტი ინტერესით კი დებატებს დაველოდებით, რადგან საინტერესო სათათბირო თემა გვაქვს,რადგან ჩვენ ბევრი განსხვავებული არგუმენტი დაგვიგროვდა, რადგან ვისწავლეთ ,რომ პრობლემების უკეთ გადაჭრისათვის აუცილებელია შეგვეძლოს სხვადასხვა   პოზიციიდან განვსაჯოთ და ვუყუროთ ყველაფერს, რადგან ამ პროექტის მსვლელობის დროს თანდათან, ჩვენდა შეუმჩნევლად ბევრ რამეში გავერკვიეთ, რადგან ვისწავლეთ აზროვნება და  ფიქრი იმის შესახებ  თუ რა  არის ჯანსაღი ცხოვრების წესი, რატომ გვიჭირს მივსდიოთ მას,  რა მიზეზები გვიშლის ხელს შეიქმნას  ჯანსაღი პროდუქტი, რატომ არის აუცილებელი გაიზარდოს ადამიანების ინფორმაციულობა ამის შესახებ, რა პრობლემებთან არის დაკავშირებული  სოფლად მხოლოდ ჯანსაღი სოფლის მეურნეობის პროდუქტის მოყვანა, რა პრობლემები, მოსაზრებები და თავდასაცავი არგუმენტები   აქვთ ფერმერებს, როცა ისინი საზიანო სასუქებსა და შხამქიმიკატებს იყენებენ.

Wednesday, April 22, 2015

სასუქებისა და შხამქიმიკატების გამოყენება სოფლად

!¥ მოგესალმებით, მე ირაკლი ვარ და ამჯერად გიამბობთ იმის შესახებ, თუ როგორ იყენებენ სასუქებსა და შხამქიმიკატებს ჩვენს სოფელში სოფლის მეურნეობის პროდუქტების მოსაყვანად. გადავწყვიტეთ მოსახლეობის გამოკითხვის გარდა  დრო შეგვერჩია და პრაქტიკულად გადაგვეღო სასოფლო სამეურნეო ნაკვეთის შხამქიმიკატებით შეწამვლის და სასუქების შეტანის პროცესი. როგორც იქნა უამინდობის შემდეგ ერთი ისეთი დღე შევარჩიეთ, როცა კარტოფილის თესვის პროცესი სოფლად ისევ განახლდა. 
      რამდენიმე ოჯახს ვესტუმრეთ მინდვრად, რომელსაც კარტოფილი დათესილი ჰქონდა და ნაკვეთს შხამქიმიკატებს ასხურებდა . საინტერესო პროცესი იყო და ვიდეოებიც გადავიღეთ. შხამქიმიკატებს
(ვიდეოს სანახავად გადადით ბმულზე)


(ჰერბიციდები:,,კლინი’’ და ,,მეტრიკი’’) წინასწარ აზავებდნენ განსაზღვრული რაოდენობის წყალში და სპეციალური მოწყობილობის საშუალებით მთელ ნაკვეთზე ასხურებდნენ. აღნიშნული საშუალება გამოიყენება სარეველა მცენარეების გასანადგურებლად და კარტოფილს იმდენჯერ გათოხვნა აღარ სჭირდება. მართალია ადამიანების ფიზიკური ენერგია იზოგება, მაგრამ რამდენად აზიანებს იგი თვითონ დათესილ პროდუქტს ან რამდენად არის საშიში იმ ადამიანისათვის ვინც მას მოიხმარს დამცავი საშუალების გარეშე ? 

     ზოგიერთი ოჯახი კარტოფილს დათესვამდე სპეციალურ წამალს ასხავს, რომელსაც ,,პრესტიჟი’’ ჰქვია , ეს წამალი  კარტოფილს კოლორადოს ხოჭოსაგან იცავს. კოლორადოს ხოჭო კარტოფილის მოსავლის დაუძინებელი მტერია, ელვის სისწრაფით მრავლდება. ფოთლებსა და ღეროებს ძირითადად მატლები აზიანებენ, რის შედეგადაც ძლიერ მცირდება ნაყოფის რაოდენობა. საქართველოში კოლორადოს ხოჭო პირველად 1974 წელს შენიშნეს. ის სათესლედ და საკვებად შემოტანილ კარტოფილს შემოჰყვა. მოგვიანებით საქართველოს მთიან რაიონებშიც გამოჩნდა და პომიდვრისა და წიწაკის ნათესების დაზიანებაც დაიწყო. კოლორადოს ხოჭო მნიშვნელოან ზიანს აყენებს ძაღლყურძენასებრთა ნათესებს.   ჩვენ ხშირად გვინახავს ამ წითელი ხოჭოებით მთლიანად დაფარული ფოთლები. თუ დათესვამდე არ მოხდა კარტოფილის ხოჭოს წამვლით შეწამვლა, მაშინ ფერმერს უკვე გაზრდილი მცენარის შეწამვლა უხდება 2-3-ჯერ  სეზონზე. ეჭვიც არ გვეპარება  ასეთი გზით მიღებული პროდუქტი როგორ საზიანოდ მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე. სამწუხაროა ბევრმა ფერმერმა არც კი  იცის იმ ბუნებრივი ალტერნატივების არსებობის შესახებ, რომლის გამოყენებაც თავიდან აგვაცილებს ამ შხამქიმიკატებს. მომდევნო პოსტებში მათ შესახებ აუცილებლად ვისაუბრებთ.


  (ვიდეოს სანახავად გადადი ლინკზე)  
სასუქების გამოყენებას რაც შეეხება სოფლად ორივე სასუქის ორგანული და არაორგანულის  გამოყენება ხდება. ჩვენს ფოტოებზე ეს პროცესიც აღვბეჭდეთ და ვიდეოც გადავიღეთ როგორ შეჰქონდათ აზოტი ნიადაგში უშუალოდ კარტოფილის თესვის პარალელურად. ზოგი ოჯახი საერთოდ უარს ამბობს სასუქების გამოყენებაზე, ორგანული სასუქი შეაქვს  და ჯანსაღი პროდუქცია მოჰყავს. ორგანული  სასუქი ყველაზე ეფექტური სასუქია კარტოფილისათვის.  გვინდა ასეთი ჯანსაღი გზით მიღებული პროდუქტი ბევრი იყოს და საქართველოში სოფლებმა ჯანსაღი პროდუქტები აწარმოოს. 

ჩვენ ვქმნით ნახატებს და პოსტერებს

 ? მოგესალმებით მე თამთა ვარ და ისევ დაგიბრუნდით  ჩვენი ბლოგის მკითხველებო, უფრო სწორად  მეგობრებო, რადგან თუ თქვენ ერთგულად კითხულობთ ჩემი  და ირაკლის პოსტებს და თვალყურს ადევნებთ ჩვენი პროექტის მიმდინარეობას დიდი სურვილი მაქვს  მეგობრები გიწოდოთ.
      მას შემდეგ რაც საინფორმაციო ბროშურები დავამზადეთ და გავავრცელეთ უფრო მეტად გაიზარდა მოსწავლეების, მასწავლებლების, მშობლების და თანასოფლელების  დაინტერესება ჩვენი პროექტის მიმართ. როცა გვეუბნებიან ,,თქვენ დიდ და კარგ საქმეს აკეთებთ’’-ო   გვიხარია,  გვინდა ყველამ კარგად გაიაზროს რა შედეგის მოტანა შეუძლია ზედმეტი სასუქებითა და შხამქიმიკატებით მოყვანილ,ერთი შეხედვით ჯანსაღ საკვებს.     ჩვენი საყვარელი პატარა ,,მეურნეობა’’ - ხორბალი, კარტოფილი და პომიდორი თანდათან იზრდება, მათ განვითარებას ყოველდღიურად ვადევნებთ თვალს.(ერთ პოსტს მთლიანად მათზე საუბარს დავუთმობთ)  მანამდე კი სანამ ისინი იზრდებიან ჩვენ დროს უქმად არ ვკარგავთ, ინტერნეტიდან და სხვა წყაროებიდან ვიძიებთ ინფორმაციას სასუქების, შხამქიმიკატების და ბუნებრივი ალტერნატივების შესახებ და პრეზენტაციებისათვის ვემზადებით.    
,,ჯანსაღი ცხოვრების წესის’’ შესახებ სურათების  ხატვა  დავიწყეთ, პროექტის ხელმძღვანელები გამოფენის მოწყობაში დაგვეხმარენ, დერეფანში ერთი უზარმაზარი ,,სტენდი’’  გამოგვიყვეს, რომელზეც ჩვენს შექმნილ  ნახატებს თანდათან დახატვისთანავე ვაკრავთ და ეს პროცესი პროექტის ბოლომდე გაგრძელდება.  ჯანსაღი ცხოვრების წესი გულისხმობს ნარკოტიკებზე, ალკოჰოლზე, თამბაქოზე უარის თქმას, ჯანსაღ საკვებს და სპორტული ცხოვრების წესს, როცა ჩვენი მეგობარი სკოლის ბლოგებს და მათ პროექტებს ვეცნობით,  რომლებიც ამ  მიმართულებებით მუშაობენ ჩვენც სურვილი გაგვიჩნდა ჩვენი  ნახატებით მათ პროექტებს გამოვეხმაუროთ და მარტო უშუალოდ ჩვენი პროექტის თემით არ შემოვიფარგლოთ.
    




ახლა კი ერთი საინტერესო აქტივობის შესახებ, პროექტის მონაწილეები საკლასო ოთახში ოთხ ჯგუფად დავიყავით  და თითოეულ ჯგუფს დაგვევალა შეგვექმნა უშუალოდ ჩვენი პროექტის თემაზე ,,სასუქები და შხამქიმიკატები, მათი ბუნებრივი ალტერნატივები და ჯანსაღი სოფლის მეურნეობის პროდუქტები’’ -პოსტერები და მათში ჩვენი დამოკიდებულებები გამოგვეხატა. აქტივობა საინტერესოდ წარიმართა, გულმოდგინედ ვმუშაობდით, ვმსჯელობდით და ვხატავდით. ბოლოს თითოეული ჯგუფის ნამუშევრები კედელზე გავაკარით და  პრეზენტაციები წარმოვადგინეთ , შემდეგ კი გამარჯვებული პოსტერის გამოსავლანად ყველა მოსწავლემ სათითაოდ ( თავისი ჯგუფის ნამუშევრის გარდა) თითოეული  ნამუშევარი შეაფასა თითო სტიკერით, ყველაზე ბევრი სტიკერი მეორე ჯგუფის ნამუშევარმა მიიღო და გაიმარჯვა, თუმცა სხვა ჯგუფების ნამუშევრებიც კარგი იყო. შეფასებაში მასწავლებლები არ მონაწილეობდნენ, თუმცა ჩვენი აზრით კარგი იქნებოდა.    საბოლოო ჯამში კი ყველამ ვიხალისეთ. მოუთმენლად დაველოდებით ახალ საინტერესო აქტივობებს.
   P.S. შემდეგ პოსტს ირაკლის ვუთმობ, რომელიც ჩვენ სოფელში შხამქიმიკატების და სასუქების გამოყენების  შესახებ გიამბობთ.

Wednesday, April 8, 2015

გილოცავთ


            ჩვენ, ახალციხის რაიონის სოფელ ტყემლანის საჯარო სკოლის მოსწავლეები მივესალმებით პროექტში მონაწილე ექვსი რეგიონის ყველა სკოლას:    ნაფარეულის , ოსიაურის , ბათუმის პირველ საჯაროს, ქუთაისის მე-17 საჯაროს, თბილისის კერძო სკოლა ,,ბინულს’’-ის  ყველა მოსწავლეს, მათ ხელმძღვანელებს , პროექტის ორგანიზატორებს, ჩვენს მხარდამჭერებს.



     ექვსივე სკოლას ამ ეტაპზე ერთი რამ გვაერთიანებს, ყველანი ერთად ვიბრძვით ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობისა და დამკვიდრებისათვის.       ყველანი ძალიან გვიყვარხართ და თქვენს საქმიანობას ინტერესით ვადევნებთ თვალყურს.    ჩვენი ბლოგის საშუალებით ყველას გილოცავთ მოახლოებულ აღდგომის დღესასწაულს, სიყვარულს, სიკეთეს, წარმატებებს, სპორტულ ცხოვრებას, სუფთა ჰაერს, ჯანსაღ, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებით კვებას და დიდხანს სიცოცხლეს გისურვებთ.

Tuesday, April 7, 2015

ჩვენი ექსპერიმენტის დასაწყისი


 ¥!მოგესალმებით, მიხვდით ალბათ, რომ მე ირაკლი ვარ. დარწმუნებული ვარ მელოდებოდით, რადგან უკვე იცით პროექტის ყველაზე მთავარ და მნიშვნელოვან ნაწილზე უნდა გიამბოთ.
   პროექტის დაწყების პირველი დღიდან ყოველი მონაწილე აქტიურად ვართ ჩართულნი და მოტივირებული რომ ყველამ ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ პროექტის შესრულებაში.    ალბათ უკვე იცით, რომ სამ ჯგუფად ვართ დაყოფილი. შესაბამისად თითოეულმა სხვადასხვა კულტურა ავირჩიეთ ექსპერიმენტისათვის. I ჯგუფი -ხორბალი,    II - ჯგუფი- კარტოფილი,  III- ჯგუფი- პომიდორი.
   პროექტის ხელმძღვანელმა დავალებები გადმოგვცა, სადაც აღწერილი იყო თითოეული ჯგუფის მიერ შესასრულებელი სამუშაოები. სასწრაფოდ დავიწყეთ ჭურჭლის შეგროვება, მოვძებნეთ მეორადი პლასტმასის ქილები და ვედროები, მეორე ჯგუფმა ცოტა იბუზღუნა, რადგან დაგვიგვიანდა შედარებით დიდი ჭურჭლის შოვნა კარტოფილისთვის.  ჩვენი სკოლის ეზოში ამოვბარეთ და მოვიტანეთ მიწა, დასარგავად საჭირო საგაზაფხულო ხორბლის, კარტოფილის და პომიდორის თესლის მოძებნა არ გაგვჭირვებია, რადგან სოფელში თითქმის ყველა ოჯახს მოჰყავს ეს კულტურა.
     I ჯგუფმა ხორბალი ჩათესა ხორბალი ჩათესა ხუთ ქოთანში: I ქოთანი-მწირი, უსასუქო მიწა, II ქოთანი-ორგანული სასუქით გამდიდრებული;   III - ორგანული სასუქის ზედმეტი დოზა; IV- აზოტის დასაშვები ნორმით;  V- აზოტის ზედმეტი დოზა.
    II ჯგუფმა კარტოფილი ჩარგო ხუთ ქოთანში I ქოთანი-მწირი, უსასუქო მიწა, II ქოთანი-ორგანული სასუქით გამდიდრებული;   III -აზოტიანი; IV- კალიუმი    V-ფოსფორიანი მიწა. (პირველ ეტაპზე არაორგანული სასუქებიდან მხოლოდ აზოტი მივეცით)   III- ჯგუფმა კი პომიდორის თესლი დათესა ერთ ქოთანში, საიდანაც შემდეგ ჩითილები გადაირგება სხვა ქოთნებში: I ქოთანი -მწირი, უსასუქო მიწა, II ქოთანი-ორგანული სასუქით გამდიდრებული;   III -აზოტიანი მიწა ; IV- აზოტი და კალიუმით გამდიდრებული ; V-აზოტი, კალიუმით და ფოსფორით გამდიდრებული მიწა. ( ჩითილების გადარგვის პროცესის შესახებაც დაწვრილებით გიამბობთ)
 






  ეს ქოთნები ერთ საკლასო ოთახში გვაქვს მაგიდებზე ფანჯარასთან ახლოს მოთავსებული, წარწერებიც გავუკეთეთ, ხშირად ვრწყავდით და ამოსვლას მოუთმენლად ველოდებოდით. ეს ერთი თვე უსასრულოდ გაიწელა, გვეგონა აღარ ამოვიდოდა და ხანდახან მიწას ვჩიჩქნიდით და თესლს ვამოწმებდით გაღვივებული იყო თუ არა. (ერთხანს ისე შეგვეშინდა დირექტორს ვთხოვეთ სკოლის ეზოს ტერიტორიაზეც დაგვებარა და  იქაც დაგვერგო, ზოგს კი იდეა გაუჩნდა სახლშიც დაგვეთესა სათადარიგო) . ხანდახან სხვა მოსწავლეებიც შემორბიან და ცნობისმოყვარეობით აკვირდებიან , მასწავლებლებსაც აინტერესებთ და მხარს გვიჭერენ. უცნაურია, ჩვენი მშობლები ყოველწლიურად თესენ და რგავენ ამ კულტურებს, ხშირად ჩვენც ვეხმარებით, მაგრამ არასოდეს არ დავკვირვებივართ და არ დავინტერესებულვართ რა სასუქებს და შხამქიმიკატებს იყენებენ და რა მავნე გავლენა შეიძლება ჰქონდეს მათ გამოყენებას.
     როგორც იქნა ვეღირსეთ და  გაგვიმართლა, ყველაფერი რაც დავთესეთ ამოვიდა, ისე გვიყვარს ჩვენი მცენარეები ყოველდღე ვნახულობთ. დაკვირვებებს  ხშირად ვაწარმოებთ, შედეგებიც უკვე ნაწილობრივ გამოიკვეთა,  მაგრამ მოდით ამაზე დაწვრილებით შემდეგში ვისაუბროთ.


 P.S. შემდეგი პოსტი თამთამ უნდა შემოგვთავაზოს,  ოღონდ ამჯერად მეტი ინტერესისთვის სიურპრიზი იყოს.

Sunday, April 5, 2015

საინფორმაციო ბუკლეტის და სხვა აქტივობების შესახებ

? მოგესალმებით, მე თამთა ვარ და ისევ დაგიბრუნდით საინტერესო ამბების მოსაყოლად. ირაკლიმ დააანონსა რომ საინფორმაციო ბუკლეტის შექმნის შესახებ გესაუბრებოდით, რა თქმა უნდა სწორედ ბუკლეტზე საუბარს ვაპირებ, მაგრამ მანამდე სანამ ბუკლეტზე ვიმუშავებდით საინტერესო შეხვედრა გვქონდა. პროექტის დაწყებამდე ,, რა ვიცი, რა მინდა ვიცოდე’’ ცხრილი შევავსეთ, ჩამოვწერეთ რა ვიცოდით ჩვენი პროექტის თემის შესახებ და რისი გაგება გვინდოდა. ამას კი  საინტერესო აქტივობა მოჰყვა . ,,ჩემი ნაკვალევი დედამიწაზე’’, კედლებზე ჩვენმა ხელმძღვანელმა ფურცლები გააკრა, ყველანი მივდიოდით ფურცლებთან და შესაბამისად ქულებს ვანიჭებდით, როცა ჩვენი ქულები შევკრიბეთ და ასზე გაგვაყოფინა მასწავლებელმა ჩვენდა გასაკვირად აღმოჩნდა, რომ თუ დედამიწის ყველა მაცხოვრებელი ჩვენნაირად მოიქცევა აღმოჩნდება, რომ საშუალოდ ორზე მეტი პლანეტა დედამიწა დაგვჭირდება არსებობისათვის, კიდევ უფრო გავიაზრეთ რამდენად აუცილებელია ჯანსაღი ცხოვრების წესით ვიცხოვროთ, პროდუქტების ყიდვისას დავინტერესდეთ მისი წარმომავლობით, მივირთვათ ჯანსაღი სოფლის ნობათი, არ გადავყაროთ საკვები, მეტი ვიაროთ ფეხით, დავზოგოთ წყალი, ელექტოენერგია, ეს ისედაც ვიცოდით, მაგრამ ამ აქტივობის შედეგი ძალიან ჩამრჩა გულში.

ახლა კი ბუკლეტის,

უფრო სწორად საინფორმაციო ბროშურის შესახებ მოგითხრობთ. როგორც ხელმძღვანელმა აგვიხსნა მისი დანიშნულება უნდა ყოფილიყო ჩვენი პროექტის  შესახებ საინტერესო ინფორმაციის მიწოდება სხვა მასწავლებლებისთვის, მოსწავლეებისთვის, მშობლებისთვის და საერთოდ ნებისმიერი ადამიანისთვის დაინტერესება ჩვენი საქმიანობით. ბროშურაზე მუშაობა გაგვიადვილა ბროშურის შეფასების რუბრიკამ, სადაც კრიტერიუმები იყო ჩამოწერილი, რის მიხედვით შეფასდებოდა. შევეცადეთ ეს კრიტერიუმები გეგვეთვალისწინებინა, ერთად ჩამოვწერეთ რა მნიშვნელოვან ინფორმაციას შევიტანდით, ინტერნეტიდანაც მოვიძიეთ შესაბამისი ინფორმაცია და სურათები, ჩვენმა ხელმძღვანელმა რამდენიმე ნიმუშიც მოგვცა სახელმძღვანელოდ და ასევე შაბლონებიც ჩაგვიწერა ,,ფლეშზე’’( ქართულად არ ვიცი რა ჰქვია
J)), ამან ძალიან გაგვიადვილა შესრულება, მიუხედავდ იმისა რომ მხოლოდ ბროშურის შექმნა დაგვავალა ,,ფლეშზე’’ გაზეთის ნიმუშიც ვნახეთ და გაზეთის გამოშვებაც გადავწყვიტეთ. თუმცა ინტერნეტი და კომპიუტერი სახლებში უმეტესობას არ გვაქვს და 6-7 გაკვეთილის შემდეგ გვიწევდა სკოლაში დარჩენა, მაინც კმაყოფილები ვართ ჩვენი მუშაობით.
ჩვენი პროექტის ყველაზე პატარა მონაწილემ თამარ ბიტიაშვილმა ბუკლეტი

ხელით დაამზადა, შესაფერისი სურათები მოძებნა და ჩააკრა. ჩვენი სკოლის დირექტორს მისი ნამუშევარი ძალიან მოეწონა და მადლობა გადაუხადა.გადავწყვიტე რომ ჩემს პოსტში მისი ნამუშევარიც გაჩვენოთ.
     საინფორმაციო ბროშურები ამოვბეჭდეთ და დავარიგეთ, მაგრამ სამწუხაროდ ფერადი პრინტერი სკოლას არ ჰქონდა და შავ - თეთრი გამოგვივიდა, გული დაგვწყდა,მაგრამ არა უშავს, შევატყვეთ რომ მაინც ყველას  მოეწონა. მგონი ინტერესის გაღვივება უკვე შევძელით ჩვენი პროექტის ,,სასუქები და შხამქიმიკატები, მათი ბუნებრივი ალტერნატივები და ჯანსაღი სოფლის მეურნეობის პროდუქტები“(იმხელა სახელი  აქვს ჩვენს პროექტს, როგორც არც ერთ სხვა სკოლის გუნდისას JJ) J)  ) -ის მიმართ ადამიანებში,  ისე რომ ეჭვი არ გვეპარება პროექტის დასრულების  ბოლოს ჩვენს მთავარ მიზანს  მივაღწიოთ. 

 
 

   P. S.  მე და ირაკლი შევთანხმდით, რომ მორიგეობით გვეწერა პოსტები, ამიტომ შემდეგი პოსტი მას ეკუთვნის, სადაც ის სულ მალე მოგითხრობთ ჩვენი პროექტის ყველაზე მთავარი ნაწილის შესახებ, როგორ დავაყენეთ ცდები, დავთესეთ ქოთნებში კარტოფილი, ხორბალი, პომიდორი,  .......დაინტერესდით? მოდით ირაკლის პოსტს დაველოდოთ.