Wednesday, April 29, 2015

ამოცანები და ჩვენი ექსპერიმენტი


   მოგესალმებით მე ირაკლი ვარ და  რამდენიმე საინტერესო აქტივობების შესახებ უნდა გიამბოთ. კლუბის წევრები ერთად შევიკრიბეთ და მარიკა მასწავლებელმა ამოცანები შემოგვთავაზა, რომელიც მინერალური სასუქების კვებითი ღირებულების გაანგარიშებასთან იყო დაკავშირებული.     მოსწავლეები სამ ჯგუფად დავიყავით. თითოეულ ჯგუფს მოგვეცა  დავალება გამოგვეანგარიშებინა შესაბამისად აზოტიან სასუქებში აზოტის, კალიუმიან სასუქებში კალიუმის,  ფოსფორიან სასუქებში ფოსფორის მასური წილი. ჩვენს პროექტებთან დაკავშირებული ამოცანები   ხალისით ამოვხსენით და შემდეგ ერთად განვიხილეთ.
   

ამოცანების ამოხსნის შემდეგ თითოეულმა ჯგუფმა პრეზენტაციები წარმოვადგინეთ  და ჩვენი ცდების მიმდინარე შედეგები განვიხილეთ.გახსოვთ ალბათ რომ უკვე ორ თვეზე მეტია რაც ჩვენ კარტოფილი, ხორბალი და პომიდორი დავრგეთ და დავთესეთ და მათ განვითარებას ვაკვირდებით. ალბათ გაინტერესებთ როგორ მიმდინარეობს მათი განვითარება ხვადასხვა სასუქების პირობებში.
    I  ჯგუფის წევრებმა, რომლებიც აკვირდებიან ხორბლის განვითარებას (მათ ხორბალი ხუთ ჭურჭელში აქვთ დათესილი), აღნიშნეს, რომ პირველი ნათესი - უნაყოფო მიწისა და ქვიშის ნარევში აღმოცენდა გვიან, არის წვრილ ღეროიანი, ყვითელი, პატარა ფოთლებით. მეორე ნათესი, რომელიც გამდიდრებულია ორგანული სასუქით (გამომწვარი ნაკელი და ნაცარი)საუკეთესოა, ზრდა ნორმალური,ხასხასა მწვანე ფერის,  უკვე მოხდა ბარტყობა,განტოტვა. მესამე  ნათესი რომელსაც აღმოცენების შემდეგ დავაყარეთ აზოტიანი, ფოსფორიანი და კალიუმიანი სასუქების ზედმეტი დოზა, დაიწვა,  აღმონაცენი ძალიან სუსტია და ხმება. მეოთხე (კალიუმიანი) და მეხუთე (ფოსფორიანი)ნათესი, რომლებსაც სასუქების ნორმალური დოზა აქვთ, შესაბამისად ნორმალურად ვითარდებიან. მეოთხე ნათესში ჯერ კალიუმიანი სასუქი შევტანეთ, რამდენიმე დღის წინ კი დავამატეთ აზოტი



     II ჯგუფმა, რომელიც ძირითადად კარტოფილის ზრდა - განვითარებას აკვირდება, აღნიშნა, რომ პირველ ჭურჭელში,ქვიშისა და მწირე მიწის ნარევში აღმოცენებული კარტოფილის ღერო სუსტი და განუვითარებელია, ისე წვრილია, რომ ვერტიკალურად დგომა უჭირს, ფოთლებიც მოყვითალო ფერისაა. მეორე ჭურჭელში რომელიც ორგანული სასუქითაა გამდიდრებული, კარტოფილის ღერო მსხვილია, მუქი მწვანე ფერის, ზრდა საუკეთესოდ  მიმდინარეობს, განტოტვა და გაფოთვლა კარგია.მესამე ჭურჭელში, რომელიც აზოტითაა გამდიდრებული მცენარე ასევე კარგად ვითარდება, ნორმალური განტოტვა აქვს, მსხვილი ღერო და კარგად განვითარებული ფოთლები - მუქი მწვანე. მეოთხე ნათესი, რომელიც კალიუმიანი სასუქითაა გამდიდრებული, ოდნავ ჩამორჩება მესამე ჭურჭლის ნათესს განვითარებაში. მეხუთე ნათესი, რომელიც ფოსფორით გამდიდრებულია, თითქმის მეოთხე ნათესის ანალოგიურია.

 III ჯგუფმა აღნიშნა, რომ პომიდორის ჩითილები გადაირგა 5 ჭურჭელში, და დაემატათ ორგანული და არაორგანული სასუქები.


   P.S. შემდეგი პოსტებში მოგითხრობთ საინტერესო ექსპერიმენტების შესახებ, რომლებიც  სასუქების გამოცნობას შეეხება, აგრეთვე სოფლის მოსახლეობის გამოკითხვის შედეგებზე . ყველაზე მეტი ინტერესით კი დებატებს დაველოდებით, რადგან საინტერესო სათათბირო თემა გვაქვს,რადგან ჩვენ ბევრი განსხვავებული არგუმენტი დაგვიგროვდა, რადგან ვისწავლეთ ,რომ პრობლემების უკეთ გადაჭრისათვის აუცილებელია შეგვეძლოს სხვადასხვა   პოზიციიდან განვსაჯოთ და ვუყუროთ ყველაფერს, რადგან ამ პროექტის მსვლელობის დროს თანდათან, ჩვენდა შეუმჩნევლად ბევრ რამეში გავერკვიეთ, რადგან ვისწავლეთ აზროვნება და  ფიქრი იმის შესახებ  თუ რა  არის ჯანსაღი ცხოვრების წესი, რატომ გვიჭირს მივსდიოთ მას,  რა მიზეზები გვიშლის ხელს შეიქმნას  ჯანსაღი პროდუქტი, რატომ არის აუცილებელი გაიზარდოს ადამიანების ინფორმაციულობა ამის შესახებ, რა პრობლემებთან არის დაკავშირებული  სოფლად მხოლოდ ჯანსაღი სოფლის მეურნეობის პროდუქტის მოყვანა, რა პრობლემები, მოსაზრებები და თავდასაცავი არგუმენტები   აქვთ ფერმერებს, როცა ისინი საზიანო სასუქებსა და შხამქიმიკატებს იყენებენ.

No comments:

Post a Comment